რატომ უნდა “მოვკლათ” სკოლა?

 

977110_10200262083698370_504056147_o

სკოლა ოთხი წლის წინ დავამთავრე და იმის მერე ალბათ ოთხჯერ გამახსენდა, ისიც ფეისბუქის მემორის დამსახურებით. ეს მემორი ბოლო ზარის ფოტოა, სადაც პირსინგი ახალი გაკეთებული მაქვს, ყელზე ამერიკის ბენდენა მაქვს ჩამოგდებული, ჩემ მეგობარს წითელი თმა აქვს, მეორეს ფერადყვავილებიანი გვირგვინი უკეთია. სამივე ძალიან ბედნიერები ვჩანვართ. ეს კადრი ჩემთვის იმ გარდამტეხ მომენტს უკავშირდება, როდესაც ამ მახინჯი და ჩამყაყებული სისტემიდან მაინც ლაღები და ფერადები გამოვედით. შეიძლება იმ დროს გაზიარებულ “be different”, “unicorns are alive” და სხვა თამბლერა თინეიჯერის ფოტოებზე დღეს ძალიან მეცინება, მაგრამ პროტესტის ეს ფორმა ალბათ იმ პერიოდში ყველაზე ადეკვატური რეაქცია იყო იმ სისტემაზე, რომელიც 12 წელი ცდილობდა ჩვენგან აზროვნების არმქონე, ინდიფერენტული, დამრტყმელი, ნაციონალისტი და რელიგიური ფანატიკოსი და საერთოდ არაადეკვატური, მაგრამ საამაყო შვილი “გამოეზარდა”.

დღეს “სისტემა უნდა დაინგრეს” პათოსისგან შორს ვარ. საფრანგეთის რევოლუციის იდეებით აღფრთოვანების ტალღამ გამიარა, 93-ის ბოლო ფურცლის დახურვასთან ერთად ძველის დანგრევის და ახლის შენების იდეალისტური მიზნებიც გამიქრა, მაგრამ ამ რადიკალიზმიდან გადასინჯვა-გადმოსიჯნვის მერე რაც დარჩა, მახინჯი სისტემების საკუთარ თავში დამარცხების სურვილია. ამ მხრივ საბჭოთა კავშირი და საჯარო სკოლები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თუკი ჩვენ წინა თაობებს საბჭოთა კავშირი იმიტომ უყვართ, რომ ახალგაზრდობა და 30 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ნოსტალგია აქვთ, ჩვენთვის ექსკურსიები, ბავშვობის მეგობრები და შატალოები არის ცდუნება, რომ სკოლის რომანტიზება მოვახდინოთ. მაგრამ როგორც უფასო შაქარი ვერ გადაფარავს დახვრეტისა და გადასახლების ფაქტებს, წესით ვერც ბუფეტში ნაყიდმა 50 თეთრიანმა შოკოლადის ფუნთუშამ უნდა გადაფაროს ის ნარჩენები, რაც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე საჯარო სკოლამ ჩვენში დატოვა და ხანდახან უნივერსიტეტშიც გვახსენებს ხოლმე თავს “გამარჯობა არ გასწავლეს?” გამონათქვამებით.

78f4be64903c

       ყველა საჯარო სკოლა ერთნაირი არ არის, 2X2=4, არც ყველა მასწავლებელი არაა ერთნაირი, რადგან არსებობს მასწავლებელი, ვინც ცდილობს ბავშვები თავისი საგნით დააინტერესოს, კრიტიკულად აზროვნების საშუალება მისცეს (როგორიც სულ ორი მყავდა სამ სკოლაში სწავლის შედეგად) და არსებობს ე.წ “პედაგოგი”, რომელსაც სულ ფეხებზე ჰკიდია ბავშვის აზრი, მისთვის მთავარია შეინარჩუნოს 50 წლიანი სტაჟით მოპოვებული ავტორიტეტი და ჭაღარა, აღკვეთოს გაკვეთილზე შეპასუხება და გადაჩურჩულება, ბავშვებს მიმართოს როგორც არა პიროვნებებს, არამედ როგორც დაქვემდებარებულ არსებებს, დააშანტაჟოს უფრო ზემდგომ ტიპებთან მიმართვით და ა.შ ჩემდა საუბედუროდ ჩემი მასწავლებლების უმეტესობა “პედაგოგები” იყვნენ სამივე სკოლაში და ხანდახან ძალიან მიკვირს ხოლმე, როგორ მოვახერხე მათი გარემოცვიდან “გამოძრომა” ისე, რომ ქუჩაში ხალხს ტაბურეტკებით არ დავსდევ.

19349fb2dbd3af3a79efa418df0a5b39

ყველა იმ ადამიანებში, ვინც თავისი წილი “პასუხისმგებლობა” უნდა აიღოს იმაზე, რომ ძღნერში ვართ, პირდაპირი მნიშვნელობით, “პედაგოგები” ერთ-ერთი პირველები არიან, თავიანთი ზურგზე მოგდებული პონჩოებითა და ღირებულებებით, რომლებსაც ახალ თაობებს უნერგავენ.

მე-5 კლასში ვიყავი, როცა ისტორიის მასწავლებელმა დიდგორის ბრძოლა აგვიხსნა და მოგვიყვა “რეალური” ისტორია იმის შესახებ, რომ დავით აღმაშენებელს ბრძოლის ველზე წმინდა გიორგი გამოეცხადა თავისი ჯარითურთ, რითიც დაამარცხეს თურქ-სელჩუკები. რა თქმა უნდა, ეს ისტორია შეთხზული არ იყო, რადგან იქ მყოფმა ქართველმა ჯარისკაცებმაც დაინახეს როგორც იბრძოდა მათ გვერდით თეთრებში შემოსილი წმინდა გიორგი. ამ ისტორიის გაგონებაზე იმდენად აღვფრთოვანდი და ავივსე, რომ დღემდე მახსოვს ეგ შეგრძნება. დასვენებაზე თვალებგაბრწყინებული გავედი სკოლის დერეფანში და მეგობრებს ვუყვებოდი, ეს რა მაგარი რამე მომხდარა-მეთქი. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, სკეპტიციზმი რომ არ “შემომპარვოდა” და ზღაპრისა და რეალობის გარჩევის წყაროდ ეს ავტორიტეტული “პედაგოგი” ამომერჩია, ალბათ დღეს მეც ვიდგებოდი ახალგაზრდა რადიკალნაციონალისტთა ბანაკის მოწინავე რიგებში და მთელი გულით დავიჯერებდი, რომ ვიღაცეები იმ “ქართველობას მართმევენ”, რომელიც დიდგორის ბრძოლაზე წმინდანებმა დაიცვეს.

maxresdefault

მაგრამ ყველა ისტორია, ესეთი ექშენი და ტრაგი-კომიკული არ არის. ყოველდღიური სკოლის ცხოვრების ანუ ყოველდღიური ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილი იყო ბავშვების ერთმანეთისთვის შედარება – “ის ჩუმადაა და ხმას არ იღებს, შენ რატო გაქვს პრეტენზიები”; გენდერული თანასწორობის სწავლა ვეფხისტყაოსნით და მეორე წამს სწორი პასუხისთვის შექება – “კაცის ტვინი გაქვს” და შენ უკვე აღარ იცი, უნდა გაგიხარდეს თუ გეწყინოს, იმიტომ რომ 15 წლის ხარ, გოგო ხარ, იცი რომ რაღაც კარგად გააკეთე, მაგრამ გეუბნებიან, რომ კარგად იმიტომ გააკეთე, რომ ვიღაცის ტვინი გაქვს და არა შენი სქესის; ნებისმიერ უსამართლობაზე რეაგირება – “შენ რატო ერევი ამ მოსწავლის საქმეში, რა შენი საქმეა?”, “შენ თავს მიხედე, შენ ხომ არავინ გერჩის”. მერე დაფიქრება იმაზე, რომ ეს “პედაგოგები” და მათი “ხუთოსანი” მოსწავლეები იგივეს ფიქრობენ, როდესაც გვერდით სახლში ქმარი ცოლს ცემს, ცოლი შვილს, შვილი კატას აწამებს; საკუთარი იდენტობის წაშლა, პირადი პასუხისმგებლობის არცნობა, ოჯახის დამცირებით “აგდება” – “რა ოჯახში ხარ გაზრდილი, იქაც ესე ყვირიან?” და ა.შ

ალბათ კიდევ ბევრი რამეა, რაც არ მახსენდება ან მე არ გადამხდენია, მაგრამ ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიან დიდ აბსურდში ვართ, ისეთში კამიუსაც რომ შეშურდებოდა, რადგან საბოლოო ჯამში ეს ის სისტემაა და ის ადამიანები არიან, ვინც გვასწავლიან სამოქალაქო აზროვნებასა და მის საფუძვლებს.

 

5 responses to “რატომ უნდა “მოვკლათ” სკოლა?

  1. იგივეა ნაგავია უნივერსიტეტიც, ვიღაც იტყვის რო თავისუფალია სტუდენტიო მარა “საგნის შეტენვის პერსპეკტივით” უამრავი ლექტორი მახსენდება ვისთანაც ჩემი აზრი ვერ დამიფიქსირებია, ბოლოს ერთ ერთ პოლტიკოსზე უნდა მომერტყა მაგარი რეჩი და კურსელმა ხელი მკრა მაგის მეგობარიაო. ეგრე იყო სკოლაშიც და უმეტესობა სასახელო ქართველიც შესძინეს მგონი ერს. აი ისეთი რო რამე და ქვეყანას რო ერთი ფეხი გადაუბრუნდეს, თითო აგურს რო ყველა გამოაძრობს.

    Like

    • კონტროლი უნივერსიტეტშიც არის და თავისუფლების ილუზია ალბათ არც უნდა გვქონდეს, მით უმეტეს თუ სახელმწიფო უნივერსიტეტს
      ეხება საქმე, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან უნივერსიტეტი იმდენად დიდი კონტრასტი იყო კარგი გაგებით სკოლის მერე, რომ მერე უფრო მივხვდი სკოლაში თურმე რა ცუდ პონტში ვყოფილვარ :დ

      Liked by 1 person

  2. სკოლა ყველაზე ბნელი და ცუდი მოსაგონარია. რომ მკითხონ, როდის იყავი ყველაზე ბედნიერიო, ვეტყვი, როცა სკოლა დავამთავრე-მეთქი.

    Liked by 1 person

  3. სკოლაში ქალი მასწავლებლები, რომლებიც გოგოებს აქტივობებში მონაწილეობის ყველა გზას უჭრიან, მხოლოდ იმიტომ რომ ბიჭები უკეთ აზროვნებენ.
    “-სკოლის გუნდში მხოლოდ ბიჭები რატო არიან? ერთი გოგოც რომ იყოს არ შეიძლება?
    -გოგოები ტუტუცები არიან, არ იციან და მაინც საუბრობენ. ბიჭებს ვერ შეედრებიან, ლოგიკურად მოაზროვნე გოგო არ არსებობს. გოგოებმა მანიკურის წასმა და საჭმლის მომზადება იცით მხოლოდ.” მიპასუხა ერთი წლის წინ მდედრობითი სქესის მასწავლებელმა.

    ხოდა ჩემი ერთადერთი საზრუნავი ისაა, რომ რაც შეიძლება მალე მოვშორდე ამ საძაგელ ადგილს.

    Like

    • სექსიზმი აღარ ჰქვია უკვე ამ “პედაგოგების” დამოკიდებულებას🙂 გეთანხმები, ძალიან უარყოფითად მოქმედებენ, მაგის გამო მეც სულ პროტესტი მქონდა ხოლმე, ხშირად უშედეგოც, მაგრამ მაინც🙂 წარმატებები

      Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s