ამეღიკული ვუაიაჟი

ყველაზე მეტად წერის დაწყება მიჭირს ხოლმე, მით უმეტეს მაშინ, როცა ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი. ახლა ზუსტად ეგ მომენტია – ორი კვირის თავგადასავლები ერთ პოსტში უნდა ჩავატიო. Challenge accepted. იმდენი ხანი ვწუწუნებდი სათქმელი არაფერი მაქვს მეთქი, ალბათ ბლოგის მიმართ, რომელიც ერთ დროს ჩემი სახლივით იყო, ოდნავ მაინც პასუხისმგებლობას თუ ვგრძნობ, რამე აუცილებლად უნდა დავწერო. თან ძალიან მინდა ყველაფერი ერთ სივრცეში მოვაქციო. მალე, როცა შუალედურები დაიწყება, ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსება და შთაბეჭდილებებიც გაივლის, შემოვალ, გავიხსენებ აპრილის ჩემ ბედნიერ თავს და ვიტყვი, რომ მთელი წელი ღირდა იმ 14 დღედ, რაც მე და ამერიკამ ერთად გავატარეთ.

ყველაფერი არც ისე რომანტიკულად დაიწყო. მთელი ზამთარი საკუთარ თავში და მიზნებში ეჭვის შეტანის პერიოდს ჰგავდა. ეჭვის შეტანა იმაში, რომ ისე ვცხოვრობ, როგორც მინდა. იქ ვცხოვრობ, სადაც მინდა. იმას ვსწავლობ, რაც მინდა. საერთოდ ის ვარ, რაც მინდა. მთელი დღე მარტო ფილმებს ვუყურებდი, ჩემი ჭკუით იქ გავრბოდი, სადაც მინდოდა, მაგრამ მაინც ვიცოდი, რომ იქ ვიყავი, სადაც არ მინდოდა. Holly shit. მერე საკუთარი ხელით რომ თავს აწევ და ცდილობ თავს ზემოთ ძალა იყოს, ეგრე ვიპოვე ადამიანის უფლებების შესახებ კონფერენცია, იდეაში ის, რაზეც ჯიუტად ვამბობდი ერთადერთი რამ არის, რაც ჩემ პროფესიაში მაინტერესებს-მეთქი. ისიც ალბათ იმიტომ, რომ დაბადებიდან იდეალისტი ვიყავი და იდეა, რომ რაღაც არსებობს რაც ყველასთვის ერთია მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანები ვართ, ყოველთვის მხიბლავდა. კონფერენცია სამ დღიანი იყო, მაგრამ სამი დღე იმდენად ცოტაა, რომ ცოტაც აღარ არის, ამიტომ მოვძებნე ყველაზე იაფფასიანი ჰოსტელი, სადაც ერთი კვირა დაახლოებით იმდენი დამიჯდებოდა, რაც ერთი დღე კარგ სასტუმროში.

ახლა მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო, რაც მიმიღია. ერთ ოთახში ვიყავით 8 გოგო, საბერძნეთიდან, ჩინეთიდან, პორტუგალიიდან, მოკლედ ზუსტად ისეთი გარემო იყო, როგორში ცხოვრებაც მინდოდა, მრავალფეროვანი, უბრალო, ქაოსური და ბევრი ახალი შთაბეჭდილებით სავსე. ყოველ დღე ვაკვირდებოდით ერთმანეთს, ვუყვებოდით ჩვენი მიკრო-სამყაროების ისტორიებს და ვცდილობდით, რაც შეიძლება ბევრი რამ წამოგვეღო დედამიწის მეორე ნახევრიდან.
მაიამიზე აქამდე ბათუმის პლაჟზე რომ შორტები აცვიათ ხოლმე, Miami beach წარწერით სულ ეგ მახსენდებოდა. ეხლა მაიამის შესახებ ასოციაციები იმაზე ფერადია, ვიდრე მაიამის street art-ების უბანი.

თვითონ მოგზაურობა არც ისე მხიარულად დაიწყო. ფრენა გადაიდო შტორმის გამო და მეც იმდენად ცუდად რომ ხარ, რომ ძალითაც არ გეცინება, სახლში დავბრუნდი, დავიძინე და ვციდლობდი არ მეფიქრა იმაზე, რომ კარგი ამინდის შემთხვევაში ამ დროს სად და როგორ ვიქნებოდი. მერე როგორც იქცა გავფრინდი, გუგლის რუკებით და ავტობუსის მარშრუტებით შეიარაღებული. მარტო ჩავდიოდი, იქ არავინ მხდებოდა, ამიტომ თუ დავიკარგებოდი, ვერავინ მიპოვიდა. შესაბამისად მაიამის ქუჩები ჩასვლამდე რამდენადაც შემეძლო ზეპირად ვიცოდი, ჩემხელა ჩემოდნით რომ ვიდექი გაჩერებაზე, ვიცოდი რომ 150 ნომერი ავტობუსი აუცილებლად მოვიდოდა ნახევარ საათში და წამიყვანდა დალოცვილ ჰოსტელში. ტაქსები ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ ალბათ რომც მქონოდა მაგდენი ფული, მაინც ავტობუსებით ვივლიდი, ისე როგორც ნამდვილი ამერიკელები დადიოდნენ ყავით სავსე ჭიქით ხელში სამსახურში, თან წიგნს კითხულობდნენ და თან არასდროს ეზარებოდათ გამოეკითხათ ჩემთვის, საიდან და რატომ ჩამოვედი ამერიკაში.

ყველაზე კარგი ისტორიებიც ეგეთ მომენტებში გადამხდა. ავტობუსის გაჩერებაზე რომ დამხატა უსახლკარო ბიჭმა და მომიყვა თავისი გეგმების შესახებ, ყველაფერს გავაკეთებდი ოღონდ ისევ 150 ნომერი ავტობუსი ცოტა გვიან მოსულიყო და უფრო ბევრი გველაპარაკა. დაცვის თანამშრომლები რომ ჩემთან ერთად ელოდებოდნენ ტრანსპორტს და ესპანელი გიჟი გამაცნეს, რომელიც ბოლომდე მეგონა რომ ლექსებს მეუბნებოდა და თურმე რაღაცას ყვებოდა უბრალოდ, ეგეც ალბათ იმის დამსახურება იყო, რომ ტურისტებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტურები არ ავირჩიე, რომლებმაც ვითომ ერთ დღეში ქალაქი უნდა “გაგაცნონ”. ავტობუსში რომ ვიღაც გამოგელაპარაკება და გეწუწუნება ამერიკაში ადამიანის უფლებები ირღვევაო და მერე შენ ეტყვი, ვერაფრით გამაკვირვებ, რადგან მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან ვარო და მერე მაგაზე ნიჩიოო გეტყვის და ერთად იცინით, მაგაზე epic და სასაცილო ცოტა რამეა.

ამ გადმოსახედიდან, როცა ისევ სახლში ვზივარ და ჩალაღაჯი მიდევს მაცივარში, ცოტა ვერ ვიჯერებ, რომ იქ, სადაც ყოველთვის მზე იყო და არ ციოდა, ყოველ დილით ყველაზე გემრიელ იოგურტებს ვჭამდი და რომელი მუზეუმის ნახვას აპირებო, რომ მეკითხებოდნენ, ყველა-მეთქი ვპასუხობდი და ჩემი პასუხის ბოლომდე მჯეროდა. მუზეუემი ალბათ ისეთი თემაა, რომელზეც არ ვიცი, რა ვილაპარაკო. უბრალოდ იმდენად კარგი იყო გარემო, მუზეუმის მაღაზიები, ბაღი და ეზო, ნახატების სილამაზის აღქმისთვის ენერგია აღარ მრჩებოდა. ყველაზე მეტად რაც მწყინდა ის იყო, რომ ყველა მუზეუმში ჩემხელა სტუდენტები მუშაობდნენ და არც წარმოედგინათ, რომ ვიღაც სამყაროს მეორე კუთხიდან იოცნებებდა, რომ თავისუფალ დროს, რომელიც არ ჰქონდა, ეგეთ ადგილას სამუშაო ჰქონოდა, თუნდაც ძალიან დაბალი ხელფასით.

მაიამის პლაჟი ყველაზე მეტად ყვირის, literally. თავიდან ცოტა მეშინოდა პლაჟზე ჩანთის დატოვების. მაინც მარტო ვიყავი და ვინმეს რომ რამე მოეპარა, ვერავინ მიშველიდა. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ იმდენ მდიდარ, ძერსკ ბებოებში თუ მე, საიდან სად ჩასულს, ვინმე რამეს მომპარავდა, ცხოვრებაში მართლა აღარაფერი მექნებოდა სათქმელი იმის გარდა, რომ ყველაზე დიდი ლუზერი ვარ. საბედნიეროდ გადავრჩი, არავის აინტერესებდა კეკელიძეზე დაპიანიკებული ჩემი სელფის ჯოხი და მეც ბედნიერი ვიყავი, რადგან კარგი იყო ოკეანეში ბანავი.

შემდეგი გაჩერება სად იყო, არ მახსოვს. უბრალოდ მახსოვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხებოდა ფოტოაპარატის შესახებ, ზენიტი პირველად ნახეს და ვერ ხვდებოდნენ რა და როგორ იყო, მეც რამდენადაც ვიყავი გარკვეული ვუხსნიდი, რომ უმაგრესი ფერები აქვს. წიგნის მაღაზიაში იმ დევიზით შევედი, რომ “ბარემ ბოლომდე დამემხო” და ბერტრან რასელის დასავლური ფილოსოფიის ისტორია მეყიდა, that was cool. რამდენადაც მომწონდა მუზეუმის მაღაზიებში ყველა ნაგლეჯი, პოსტერი, რვეული და მთრგუნავდა მათი ფასები, იმდენად მიხაროდა პატარა წიგნის მაღაზიებში, რომ საინტერესო რამეს ამოვქექავდი ნორმალურ ფასად.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ კონფერენციაზე წასულს, რომ მეკითხებიან რა ხდებოდა ამერიკაში, ყველაფერი მახსენდება, კონფერენციის გარდა. არადა, საინტერესო იყო. აქ მიჩვეული ვარ, რომ “ენჯეოშნიკობა” ცალკე სტატუსია და რაღაცნაირი არასერიოზული დამოკიდებულება გვაქვს ადამიანის უფლებების მიმართ ყველას, მთავრობიანა ხალხიანა. იქ, რომ ვუყურებდი ამდენ აქტივისტს და იმათთან ერთად ვმსჯელობდი საინტერესო თემებზე, მიხაროდა, თან შვებასავით ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ იმ სივრცეში ჩემი ადამიანის უფლებებისადმი სიყვარულით ვერავის გავარკვირვებდი, შესაბამისად არც არავინ გაიქნევდა თავს და ჩაილაპარაკებდა, რომ მოცლილი ვარ და ამდენს რისთვის ვლაპარაკობ, მაინც არაფერი გვეშველება.

ორიოდე სიტყვა ალბათ ნიუ-იორკზეც უნდა ვთქვა. ფრენაში არც მერე გამიმართლა, რადგან ნიუ-იორკიდან საქართველოში რომ მოვდიოდი ორი საათით დააგვიანა რეისმა და თბილისის რეისი გავმაზე, ვინერვიულე და გადავცვალე, მაგრამ ნამდვილი ლუზერი მაშინ ვიყავი, როდესაც მაიამიდან მივდიოდი ნიუ-იორკში. ალბათ ჩემი ოჯახის წევრს არ გაუხარდება ამის წაკითხვა, რადგან არ ვანერვიულე და არ მოვუყევი, მაგრამ ნიჩიო, ახლა მაინც მშვიდობიანად ვარ. მაშინ პირველად შემეცოდა ჩემი თავი ძალიან, პირველად ვიგრძენი, რომ ძალიან საწყალი ვიყავი🙂 ისევ ავტობუსით გადავწყვიტე ჰოსტელიდან აეროპორტში წასვლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთგული 150 ნომერი არ დადიოდა შუა ღამეს. მერე ვიფიქრე, რომ ორი ავტობუსით წავიდოდი და გადაჯდომა რა პრობლემა იყო. ერთი ავტობუსით მართლა წავედი, გადასაჯდომ ადგილასაც ჩამოვედი, მაგრამ რომ ჩამოვედი მივხვდი, რომ ძალიან მივქარე. ალბათ ყველაზე საშიშ ფილმშიც არ უჩვენებიათ ისეთი განუკითხავი, მიყრუებული და უადამიანო გაჩერება, როგორიც ის იყო. ავტობუსი აღმოჩნდა, რომ 30 წუთში მოდის და აეროპორტში დამაგვიანდება. მე ძალიან დასტოინად და ორგანიზებულად გადავწყვიტე ტაქსის ეპი გადმომეწერა, მაგრამ ბარათზე ფული აღარ მქონდა და არ დარეგისტრირდა. მერე პანიკას არ ავყევი და ბენზინგასამართ სადგურთან ვიღაც გავაღვიძე და ვთხოვე ტაქსი გამოეძახებინა, იმასაც არ დაეზარა, შევეცოდე და გამოიძახა, მაგრამ ორი ტაქსიდან არც ერთი არ მოვიდა, რადგან ძალიან ცუდი ლოკაცია ვუთხარით და მაგ რეგიონში საერთოდ არ ჰყავდათ ტაქსი. Oh my god.

აეროპორტში მაგვიანდება, ავტობუსი არ არის, შეშა არ არის, ტაქსი არ არის, დრო არ არის, კაცი შვილის ჭაჭანება არ არის. ვდგავარ ქუჩაში, ვიაზრებ, რომ იმ მომენტში გოდო რომ მოვიდეს უფრო რეალურია, ვიდრე ტაქსი ან ავტობუსი. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ვინმესთვის მეთხოვა აეროპორტამდე წაყვანა და ფული გადამეხადა ჩვეულებრივ. აღმოჩნდა, რომ ყველას ეჩქარება, არავის სცალია ჩემთვის, არც გამკვირვებია. ყველაზე სასოწარკვეთილ მომენტში, მივხვდი, რომ არაფერი მეშველებოდა და ნახევრად აკანკალებული ხმით ისევ ვიღაცას ვთხოვე დახმარება. ეს ადამიანი, შემდგომში ყველაზე კეთილად შერაცხული, გაგიჟდა, ამ შუა ღამეს, თეთრკანიან გოგოს, ამ უბანში რა გინდაო, მაგრამ მიხვდა, რომ მაგაზე პასუხი მეც არ მქონდა და ბოლოს გაჩერდა. ასე მივედი აეროპორტში და წავედი ნიუ-იორკში.

ალბათ ნიუ-იორკზეც უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, მაგრამ მაიამისნაირი საინტერესო და კარგი ამბებით სავსე არ ყოფილა. მაღაზიაში რიგი, კაფეში რიგი, ქუჩაზე გადასვლისას საცობი, შენობები ბევრი, მაღალი და უმზისსხივო, იმაზე უფრო მეტად დავპატარავდი ვიდრე ვარ და მეგონა, რომ ეს ხმაური შთანმთქავდა რომელიმე დღეს. ყველაზე კარგი ამ ქალაქში ალბათ ის შეგრძნება იყო, რომ აქ ყველას ადგილია და ისეთი რა უნდა მოგინდეს ან ვინ უნდა იყო, რომ აქ შენი სივრცე ვერ იპოვო. საბოლოოდ, ყოველდღიურ გამყინვარებაში ჩემი ადგილი ბოტანიკურ ბაღებში, ყველაზე დიდ მუზეუმებში, მეტროში თბილ სკამებზე და კაფეში ცხელი მაფინების მოლოდინში ვიპოვე.

4 responses to “ამეღიკული ვუაიაჟი

  1. რომელი ავიახაზებით გაფრინდი თბილისიდან? ასე ხშირად იმაზება ფრენები?

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s