“პატრიარქი-მზე”და მისი ხელშეუვალობა

„სახელმწიფო, ეს მე ვარ“, – ლუი XIV-მ ხუთი საუკუნის წინ წარმოთქვა და ამ ერთი ფრაზით განგვიმარტა აბსოლუტიზმი მათ, ვისაც ხანდახან ვიკიპედიის დასერჩვა გვეზარება. დღეს აბსოლუტიზმი აღარაა აქტუალური, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ისეთში როგორიც საქართველოა, მეფე-მზის ინსტიტუტი მყარად არსებობს და უახლოეს მომავალშიც არაფერი ემუქრება. მეფე აღარ გვყავს (რაინდებზე არ შევჩერდეთ), თუმცა ერთი ადამიანის კულტი, რომლის გარშემოც მთელი ქვეყანა და ამ ქვეყნის წარმოდგენაში, მთელი მსოფლიო ტრიალებს პატრიარქმა შეითავსა.

პატრიარქი-მზის ინსტიტუტი უცხო არ უნდა იყოს არც იმ ადამიანებისთვის, ვინც მას მზედ ხედავს და არც იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს უკანასკნელი მზესთან არ ასოცირდება, რადგან ეს ფაქტია, რომელსაც ყველანი ვაწყდებით ყველაზე ყოფით ცხოვრებაშიც კი, ჩვენი ოჯახების, მეგობრების, ექიმების, მინისტრების, მეკვლეების კედლებზე კალდენდრების სახით. თუმცა, ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ამ სოციალური მოცემულობის მიღმა, პატრიარქის აბსოლუტიზმი სამართლებრივი ფორმითაც დაკანონებულია, 2002 წელს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატით, კერძოდ კი კონკორდატის 1-ლი მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის მიხედვითაც „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.“

რას უნდა ნიშნავდეს „ხელშეუვალობა“? ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს თუ დავუჯერებთ ხელშეუვალობა, ხელშეუვალად ყოფნაა, ხელშეუვალი კი მაშინ ხარ, როდესაც შენზე სხვას უფლება არ აქვს და, თუნდაც სახელმწიფოსა და შენ შორის ურთიერთობაში, შენ მხოლოდ უფლებები გაქვს, სახელმწიფოს კი უფლებებს დამატებული მოვალეობები.

***

(ცოტა სამართლებრივი და მოსაწყენი ნაწილი, რომელიც მალე მორჩება)

სამართლებრივად „ხელშეუვალობა“ არც ისე ხშირად გამოყენებადი ტერმინია, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციაში ხელშეუვალობის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას ვხვდებით, ძირითადად ხელშეუვალია ადამიანის უფლებები, მაგ. ადამიანის ღირსება, მისი სიცოცხლე და არა თვითონ ადამიანი.გამონაკლისია კონსტიტუციის 75-ე მუხლი, რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. თუმცა, აქაც პრეზიდენტი ბოლომდე არ არის „მეფე-მზე“, რადგან კონსტიტუცია განსაზღვრავს ისეთ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც პრეზიდენტი კარგავს ხელშეუვალობას. მაგალითად, მისი გადაყენება შესაძლებელია, თუკი იგი დაარღვევს კონსტიტუციას, უღალატებს სახელმწიფოს ან ჩაიდენს სისხლის სამართლის სხვა დანაშაულს. უნდა ვივარაუდოთ, რომ პატრიარქის „ხელშეუვალობაც“ იგივენაირი შინაარსის მატარებელია, როგორიც საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში. თუმცა საქართველოს კონსტიტუციაპრეზიდენტისაგან განსხვავებით არ განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც პატრიარქი აღარაა „ხელშეუვალი“.

პატრიარქის იმუნიტეტის შესახებ ვერაფერს ვიპოვით სხვა ნორმატიულ აქტებშიც. მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ვხვდებით ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც საქ. პრეზიდენტის, საქ. პარლამენტის წევრის […] ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობ სიმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქ. კონსტიტუცია, საქ. საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და საქ.სხვა საკანონმდებლო აქტები. თუმცა აქ არაფერია ნათქვამი პატრიარქზე. პატრიარქის შესახებ “დუმს” სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებაც.

***

გამოდის, რომ პატრიარქის „ხელშეუვალობა“ ზეციური საქართველოსავით ბუნდოვანი ინსტიტუტია, იგი ვერ პასუხობს კანონის გამჭვირვალობის მოთხოვნას, მასში არაა გაწერილი შესაბამისი პროცედურები და ისეთივე მუდმივია, როგორიც ფრანგების წარმოდგენაში მზე იყო.

მეორე საკითხია, ზოგადად იმუნიტეტის მინიჭების საჭიროება. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ვინც ყოველდღიურად ცდილობს მორალის პრივატიზებას, შეიძლება ჩათვალოს, რომ რადგან პირადად მისთვის კონკრეტული რელიგიური ავტორიტეტი უფრო პატივსაცემია, ვიდრე პრეზიდენტი, რელიგიურ პირებსაც უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი. თუმცა, სამართლებრივად იმუნიტეტის მინიჭებას პატივისცემა კი არა, ფუნქციის ქონა უდევს საფუძვლად პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მოსამართლის, დიპლომატიური წარმომადგენლების თუ სხვების შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი „ხელშეუვალობა“ მათი ფუნქციიდან გამომდინარეობს და ამ ფუნქციების უფრო ეფექტურად შესრულებისთვისაა გამიზნული. არ შეიძლება მოსამართლის დაპატიმრება, რადგან მას ვისაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს და შეიძლება ბევრ ადამიანს „აწყენინოს“, მყარი გარანტიებიც უნდა ჰქონდეს. ამ მხრივ, მსჯელობის საგანს წარმოადგენს, თუ რამდენად უნდა ჰქონდეს რელიგიურ ავტორიტეტს ფუნქციური იმუნიტეტი, როდესაც სეკულარულ სახელმწიფოში, მისი საქმიანობა მოწყვეტილია მართლმსაჯულებას, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ფუნქციას და ეკლესიის მართვა-გამგეობასთანაა დაკავშირებული. არის თუ არა საჭირო სულიერ წინამძღოლს იცავდეს კანონი იმისგან, რაც მის ფუნქციას კანონით არ უკავშირდება?

ეს ერთ-ერთი ისეთი კითხვაა, რომელზეც სამართალი და ის ადამიანი, რომელიც მორალის პრივატიზებას ცდილობს, ვერ თანხმდებიან. ადამიანები ვერ იჯერებენ, რომ რელიგიურ ავტორიტეტები, როგორც რიგითი მოქალაქეები იგივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც თვითონ და, რომ ყველაზე: რელიგიურ პირებზე, ვეგეტარიანელებზე და ბელას ტორტების მოყვარულებზე კანონი ერთნაირად ვრცელდება.სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი ესაა, რომ იგი ყველას ერგება მიუხედავად იმისა ეს ადამიანი „შანსი არაა, არ ჩაიდენს დანაშაულს“ თუ „თუ ჩაიდენს, მერე იმსახურებს დასჯას“. მაგრამ ქართულ რეალობაში სამართალი ყოველთვის არ მუშაობს. ქართული რეალობისთვის უფრო ნაცნობი, პოლიტიკოსებისთვის უფრო სასარგებლო და ხალხის უმრავლესობას გულზე მალამოდ რომ დაედება ეგეთი პრინციპია „ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო“.

One response to ““პატრიარქი-მზე”და მისი ხელშეუვალობა

  1. “კაკანიაში კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორი იყო, მაგრამ მოქალაქე ყველა არ ყოფილა”.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s