ვდგავარ შარვალჩახდილი, გოდოს მოლოდინში

Poster-Waiting_for_Godot_Samuel_Beckett_by Jan_Sawka

გარშემო არაფერია, ყველგან სიცარიელეა. არ ვიცით სად ვართ, როდის და როგორ. ვიცით მხოლოდ, რომ „აქ“ ვართ, „ამ დროს“, ისიც „ალბათ“, რადგან „ყოველთვის გამოტყვრება რაღაც ისეთი, რაც შთაბეჭდილებას გვიქმნის ვარსებობთ“.

„ალბათ“ ბეკეტის საყვარელი სიტყვაა. არც არის გასაკვირი. არ უყვარს სიზუსტეები, არ უყვარს „იზმები“ და გოდოს გამოქვეყნების მერე თავსდამტყდარ წარმატებასთან გაუცხოებული „ახვარ ჟურნალისტებსა და კრიტიკოსებს“ გოდოს ინტერპრეტაციის ყოველგვარ მცდელობებს უსპობს, კითხვაზე, თუ ვინ არის გოდო, არაფერს პასუხობს და ქართველი ფილოლოგებისთვის დამახასიათებელი მუდმივი ძიება ყველა ნაწარმოებში ბიბლიური სიუჟეტებისა აქაც გრძელდება.

ბეკეტს არ უყვარდა ყველაფერი მარტივის გართულება, თითზე ჩამოსათვლელი პერსონაჟებითა და თხრობის მინიმალისტური სტილითაც შეეძლო დავეყენებინეთ ჩვენ წინაშე აღმართული უდიდესი აბსურდის კედლის წინაშე.

„-რაღა უნდა ვქნათ?“ სვამს კითხვას ესტრაგონი. პასუხად იღებს, რომ „არაფერი გამოვა“, მაგრამ მაინც მთელი ნაწარმოები უპასუხო კითხვების ნაწარმოებია და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენივე გამოცდილებით, მარტოებმა, ყველასგან დამოუკიდებლად, თუ რატომ ვაგრძელებთ ყველაფერს, თუკი მაინც არაფერი გამოვა, თუკი მაინც არაფერს აქვს აზრი.

როგორც ჩანს, დღემდე ვერ გაუგიათ „გოდოს მოლოდინში“ ტრაგედიაა, კომედია, ტრაგიკომედია თუ სულაც, რაიმე ახალი ჟანრი.  ამბობენ, რომ ლაკისა და პაცოს, უფრო მეტად კი ესტრაგონისა და ვლადიმირის ცხოვრება კომიკურია. ისიც კი სასაცილოა, რომ მათ ყოფას ცხოვრება უწოდო. წარსული მათთვის უაზრობაა, რადგან დაკარგულია, ესტრაგონმა არ იცის სად იყო გუშინ, გაუგებარია მომავალიც, რომლისაც არაფერი იციან, მათ შორის მომწყვდეული აწმყო კი მოსაწყენია. ესტრაგონი ჩაიცვამს ფეხსაცმელებს, ვლადიმირი დაიხურავს ქუდს და ეცდებიან მოყვნენ ამბებს, იკამათონ, არ დააცადონ ერთმანეთს საუბარი, ივარჯიშონ, დაიძინონ მხოლოდ იმისთვის, რომ დრო გაიყვანონ. საკუთარი მარტოობის შიშით იძულებულნი არიან ჩაეხუტონ ერთმანეთს, ოღონდ არაფერი გამოხატონ ამითი, მხოლოდ ეცადნონ ამოავსონ მათში არსებული სიცარიელის განცდა.

ესტრაგონი: მე მთელი ჩემი სიცოცხლე ქრისტეს ვადარებდი თავს

ვლადიმირი: ჰო, მაგრამ იქ თბილოსა და საერთოდაც იქ კარგი იყო

ესტრაგონი“ ჰო, სწრაფად მაინც გაცვამდნენ ჯვარს.

ესტრაგონი და ვლადიმირი კი, არა რომელიმე ერის, რელიგიის თუ სხვა რამის წარმომადგენლები, არამედ უბრალოდ ადამიანები, მაწანწალები, ნელ-ნელა ეწამებიან. სანამ ცოცხლები არიან იმხელა ტვირთი დაჰყვებათ, და მერე კი როცა მოკვდებიან, ამ კაცებსაც „ყველა დაივიწყებს“.  ეს ადამიანის მუდმივი ყოფაა, როგორც ბეკეტი ამბობდა.

იქნებ თავი მოგვეკლა? ამბობს ესტრაგონი.

მაგრამ თოკი მოკლეა, თან ერთი თუ მოიკლავს თავს მეორე მარტო დარჩება. საერთოდ კი, თავს თუ მოიკლავენ მერე კითხვასაც ვეღარ დასვამენ „თავი ხომ არ მოვიკლათო“, ამიტომ სჯობს ისევ არ იძროდნენ ადგილიდან და ელოდონ გოდოს.

მთელი პროცესი ლოდინია, უაზრო. ესტრაგონსა და ვლადიმირს ხომ თვითონაც არ სჯერაც, რომ გოდო მოვა, უბრალოდ თავს აჯერებენ, რომ რაღაც ჰქონდეთ, რაღაც რასაც აზრი ჰქვია, უბრალოდ ელოდებიან, კარგად არც იციან ვინაა ან რომ მოვიდეს მერე რა იქნება, მაგრამ მთავარია, რომ ელოდებიან, ელოდებიან შარვალჩახდილი.

ესეც ბრძოლაა, ბეკეტისეული ბრძოლა, უაზრო ბრძოლა, რომელსაც იცი, რომ დამარცხება მოსდევს. მაგრამ მერე რა? „კვლავ იბრძოლე. კვლავ დამარცხდი. კიდევ უფრო მეტად დამარცხდი“.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s