The good, the bad and the Hippo

არის ასეთი წიგნი „ყველა ჩემი მეგობარი სუპერგმირია“. სამწუხაროდ, ამ წიგნის მხოლოდ სათაური ვიცი, მაგრამ მისი ცოდნაც საკმარისია იმისთვის, რომ ამ სათაურით  აღვწერო დღევანდელი ემოციები. კი, ყველა ჩემი მეგობარი სუპერგმირია და არამარტო მეგობარი, ყველა არამეგობარიც, რომელიც დღეს ხან გამგეობაში იდგა დაბნეული სახით, რომ როგორმე რამეში ვინმეს დახმარებოდა, ხან სასოწარკვეთილი ყვიროდა „კაცი მინდა“, იმ მიზნით რომ კაცებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი მისთვის მიეცათ და ამას „კაცების პარკში“ ჩაედო, ხან ნიჩბებს ელოდებოდა, რომლებიც არა და არ ჩანდნენ და მერე ერთიანად გამოჩნდებოდნენ ხოლმე უეცრად თავსდამტყდარი ბედნიერებასავით და ა.შ

ხშირად უთქვამთ, რომ ქართველებმა განსაკუთრებული თანადგომა ვიცით, მე კიდევ ყოველთვის ვეწინააღმდეგები ხოლმე ამ აზრს იმის დაჟინებული მტკიცებით, რომ ეს გინდათ თუ არ გინდათ დისკრიმინაციაა, რომ ყველამ ერთნაირი თანადგომა იცის, რომ თითეულ ადამიანზე ინდივიდუალურად უნდა ილაპარაკო მისი ეროვნების მიუხედავად და ა.შ დღეს ვფიქრობდი და შეიძლება გარკვეულწილად მართალიცაა, ოღონდ იმიტომ არა, თითქოს ჩვენ სიყვარულის განსაკუთრებული ქართული გაგება გვაქვს ან უბრალოდ ესე ვართ „მოწყობილი“, უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად გვიჭირს და მივეჩვიეთ თავდაცვის უნარის გავარჯიშებას და იმიტომაც, რომ როდესაც გვიჭირს, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო, მედია და ეკლესია ყველაფერს აკეთებდნენ თავიანთი ფართო რესურსების ფარგლებში ხალხის დასახმარებლად, „ხალხის სამსახურში“ მათ ნაცვლად ისევ ჩვეულებრივი მოქალაქეები რჩებიან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ერთმანეთისთვის.

გუშინ წინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი.

ფეისბუქზე დებდნენ ფოტოებს, რომ ხალხს შველა სჭირდება, რომ ფარნებით ანათებენ და დახმარებას ითხოვენ, რომ სამაშველო არ მიდის და 112 ზარებს არ პასუხობს. ძალიან გაბრაზებული ვიყავი პირველ რიგში საკუთარ თავზე, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი ფანჯრიდან რომ გზა ჩანს იმის გაყოლებაზე ხალხი ჩაკეტილ სივრცეში სტიქიას ებრძოდა და მე ძალიან უსუსური ვიყავი. მერე გაბრაზებული ვიყავი იმაზე, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას ბოლომდე. მინდოდა დამენახა, რომ იმ ფოტოებში სადაც ჩანს სახურავები, ხალხი და ფანრების შუქი, რომელიც მალევე წყდება, იქნებოდნენ ვერტმფრენებიც, ძალიან ოპერატიულად და ამ ხალხს გადაარჩენდნენ. გაბრაზებული ვიყავი იმაზე, რომ როდესაც ფეისბუქზე ხალხი სასოწარკვეთილი პოსტავდა, ტელევიზორში არხეინად გადიოდა მხატვრული ფილმები, რეკლამები და ღამის პირველ საათზე, ყველაფერი იდეალურად იყო.

გუშინაც ძალიან გაბრაზებული ვიყავი.

გაბრაზებული ვიყავი იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ქალაქში გვქონდა ზოოპარკი, რომელიც არ უნდა არსებობდეს. მით უმეტეს არ უნდა არსებობდეს ქალაქის ცენტრში და კიდევ უფრო არ უნდა არსებობდეს ისეთი ქალაქის ცენტრში, რომლის მოქალაქეების შეგნება იმ ლოგიკასაც ვერ მიჰყვება, რომ ცხოველი თუ გეცოდება ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ გეცოდება და არც იმას გამორიცხავს, რომ უფრო მეტად არ გეცოდება. არ უნდა არსებობდეს იმ ქალაქში, რომლის მოქალაქეებიც, იმ შემთხვევაში თუკი ცხოველი თავს არ ესხმის მოქალაქეს და საფრთხეს არ წარმოადგენს, მაინც ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს მის მოკვლას, პრინციპით „გავანეიტრალოთ, რაიცი რა ხდება“. გაბრაზებული ვიყავი იმაზე, რომ როდესაც დაიღუპნენ ადამიანები, დაიღუპნენ ცხოველები, უამრავი დარჩა უსახლკაროდ და მარტივად რომ ვთქვათ თავზე დაგვენგრა ქალაქი, პატრიარქი გამოვიდა და თუკი გგონიათ, რომ ყველაფრის მიზეზად დაასახელა წინა მთავრობის მიერ არასწორად გაყვანილი გზა, ახალი მთავრობის დაუდევრობა ან ბუნებრივი მოვლენის წინაშე ადამიანის უძლურება, ძალიან შეცდით. ძალიან შეცდით იმ შემთხვევაშიც კი, თუ გგონიათ, რომ მან რაიმე კომენტარი გააკეთა დაზარებულთა ან დაღუპულთა შესახებ. არამედ ყველაფერი მიაწერა იმ ფაქტს, რომ საბჭოთა პერიოდში ამ ადგილას აშენებული ეკლესიის ზარები გადაადნეს, ამითი ააშენეს ზოოპარკი და შესაბამისად ამ „ცოდვიან მიწაზე“ ვერ გაიხარებდა. გაბრაზებული ვიყავი იმით, რომ ამ განცხადების მერე „არაადეკვატურ განცხადებას“ კითხულობდნენ ისე, როგორც პატრიარქის პირად შეურაცხყოფას, ცუდის ძიების დაუძლეველ სურვილს, როდესაც ყველაფერი კარგადაა და კრიტიკის გადამეტებულ სიყვარულს, როდესაც მისი საჭიროება დღესდღეობით არ არსებობს. გაბრაზებული ვიყავი მერეც, როდესაც იმის ფონზე, რომ ქალაქს მიადგა 40 000 ლარის ზიანი, საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ბოტკოველი გამოვიდა და თქვა, რომ საპატრიარქო, რომელსაც აქვს 25 000 000  ბიუჯეტი, მზადაა, რომ სულიერი დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს. სულიერი დახმარება ძალიან კარგია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ საუბარია რომ საუბარია, ჯერ მხოლოდ სულიერ დახმარებაზე. გაბრაზებული ვიყავი იმაზე, რომ ბევრი ადამიანის პათოსი დაახლოებით ასე ჟღერს „აი, თქვენ ჯინაზე საპატრიარქო რას აკეთებს“, „აი, რომ არ გჯეროდათ, რაში იხარჯება ფული“, თითქოს ძალიან ბედნიერი ერი ვიყოთ იმით, რომ თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან ამოღებული ფული არ იხარჯება მიზნობრივად და ძალიან გავუბედურდეთ, თუკი ხალხის დასახმარებლად გაიღებენ.

მერე, როდესაც ჩემი მეგობრების სუპერგმირობის ამბავი აღმოვაჩინე, სიბრაზემ დროებით გადამიარა. გამიხარდა, რომ რიტორიკულ შეკითხვას, რომელსაც ძალიან ხშირად სვამენ ხოლმე „რა თაობა მოდისო?!“, ახლა სხვა ქვეტექსტით დასვამენ, თუ მაინც დასვამენ. მიხაროდა, რომ დაზარალებულებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გამოდიოდნენ იმ საშინელი მდგომარეობიდან, უხაროდათ ახალგაზრდების აქტიურობის ამბავი და ვერ მალავდნენ გაკვირვებას, რომ პატარა გოგო-ბიჭებმა ამდენი მოინდომეს და შეძლეს. მიხაროდა, რომ მზიურში ერთ-ერთ შავკანიან მოხალისეს პირჯვარს აღარ წერდნენ და არც ფოტოებს უღებდნენ, არამედ ჩვეულებრივი რეჟიმით აგრძელებდნენ მუშაობას, მიხაროდა, რომ ნებისმიერი ასაკის, სქესის, რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი იღებდა სელფის, დაე გადაიღონ, ოღონდ გააცოცხლონ ქართველების ტოლერანტობის დავით აღმაშენებლის დროინდელი მითი. მიკვირდა და მიხაროდა, რომ დღეს შედგა ჩემი და ბაბულიკების სოციალიზაციის დღეც ისე, რომ მე ვატარებდი ბაბულიკის სათვალეს ხელით, ოღონდ მას ჩემხელა პარკი წამოეღო დაზარალებულისთვის და მზად ვიყავი მომესმინა რუსული რეპისთვის საათ ნახევრიან საცობში გაჭედილს, ოღონდ მშვიდობით მიგვეღწია დანიშნულების ადგილამდე.

მოკლედ, იმისი თქმა მინდოდა, რომ მხოლოდ ბეგემოტი არ არის ბედნიერი და ძალიან ბევრი უსუსურობის, უბედურების, ტრაგედიის და გაბრაზების მიუხედავად არის ერთი რაღაც მაინც, რაც და ვინც ძალიან მიხარია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s