“უდანაშაულო” დამნაშავის სასჯელი

19349fb2dbd3af3a79efa418df0a5b39

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მითხრეს რომ დოსტოევსკის ერთ-ერთი რომანის არწაკითხვა დანაშაული იყო, წაკითხვა კი – სასჯელი, ზუსტად ისე, როგორც მის სათაურშია. დილემის წინაშე მდგარმა გადავწყვიტე დანაშაული არ ჩამედინა (მომავალ პროფესიას ვეცი პატივი) და უსიტყვოდ მივიღე სასჯელი, დავიწყე რომანის კითხვა, რომელზეც ყველა ლაპარაკობდა.

პირველი ყურადღება მთავარი გმირის გვარმა მიიქცია. რასკოლნიკებს ეკლესიაში განხეთქილების შემომტანებს ეძახდნენ. პროტაგონისტ რასკოლნიკოვს კი რომანის სიუჟეტში, ჩვენს აზროვნებასა და ცნობიერებაში შემოაქვს განხეთქილება. რომანის არც ერთი თავი არაა მსუბუქი და ერთი ამოსუნთქვით საკითხავი, პირიქით, შეიძლება ერთი საათი მოანდომოთ რამდენიმე ფურცლის კითხვას, შემდეგ უცებ გაჩერდეთ და იქამდე დაიტანჯოთ ფიქრით, სანამ ძალიან ბევრი კითხვიდან რამდენიმეზე მაინც არ გასცემთ პასუხს.

ღარიბ, საკუთარ თავში ჩაკეტილსა და ამაყ  როდიონ რასკოლნიკოვს,  მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დასდევს ნაპოლეონის აჩრდილი. მისი აზრით, კაცობრიობა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთნი არიან ადამიანები, რომელთა ვალია კანონს ემსახურონ და მორალის იმ გაგებით იცხოვრონ, რომელსაც საზოგადოება გვთავაზობს. მეორენი არიან ისინი, ვინც თავად ქმნიან კანონებს. მათ შეუძლიათ გადააბიჯონ ჩვეულებრივ მორალს და დაიცვან უზენაესი მორალი, გახდნენ ზეადამიანები და საკუთარი გამბედაობით კაცობრიობას სიკეთე მოუტანონ.

”დღეს ვინც მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის, ვისაც მეტის გაბედვა შეუძლია, ყველაზე მართალიც ისაა. ასე ყოფილა აქამდის, ასე იქნება ამის იქითაც. მარტო უსინათლო ვერ გაარჩევს და ვერ დაინახავს ამას.”

ნუთუ სიკეთე არაა საზოგადოებას მოაშორო ხორცმეტი მოხუცი და უსარგებლო მევახშის სახით ? იქნებ ძალადობაც შეიძლება გახდეს სიკეთის საფუძველი?

აქ ვხვდებით ყველასათვის ცნობილ ფრაზას “მიზანი ამართლებს საშუალებას” და მის დოსტოევსკისეულ ვარიანტს: “კერძო ბოროტება გასაკიცხი არ არის, თუ მთავარი მიზანი საკეთილოა.”

რასკოლნიკოვი ფიქრობს, რომ მას იმაზე მეტი უფლება აქვს, ვიდრე – სხვა, ჩვეულებრივ ადამიანებს. დამნაშაულის თეორიის ავტორი, ალბათ, ერთ-ერთი იმ პერსონაჟთაგანია, რომელიც ორი ადამიანის სასტიკი მკვლელიცაა და ამასთანავე, მკითხველების ცნობიერებაში თანაგრძნობას და სიყვარულსაც კი იმსახურებს.

თუმცა, მეორე საკითხია ის, თუ რატომ იტანჯება რასკოლნიკოვი მთელი რომანის განმავლობაში. იქნებ იმიტომ, რომ ჩადენილი დანაშაულის საშინელება შეიცნო? არა, ალბათ უფრო იმიტომ, რომ ბოლომდე ვერ გაამართლა საკუთარი თეორია და ვერ გახდა ნაპოლეონი.

თუ ღმერთი არსებობს, მაშინ რატომ უშვებს ამდენ უსამართლობას? რატომ ამდენი მსხვეპლი და ცოდვა? მთელი რომანის განმავლობაში მესმოდა რასკოლნიკოვის და  მეც ვიზიარებდი მის სკეპტიციზმს რწმენასთან დაკავშირებით, შეუძლებლად მიმაჩნდა იმ გაუბედურებული ადამიანებისა და ღმერთის თანაარსებობა. მაგრამ, ერთ წვიმიან ან მზიან დღეს, რასკოლნიკოვმა დანაშაული აღიარა. ზოგიერთი ადამიანის აზრით ეს ლაზარეს აღდგენის თანამედროვე ვერსიაა, ზეკაცის დაბადებაა ან უბრალოდ მორიგი “ჰეფი-ენდი”.

თუ მთელი ცხოვრება ხუთოსნები ვიქნებით და უშეცდომოდ ვიცხოვრებთ, არ დავეცემით და ტანჯვაში არ მივალთ, ჩვენგან არც ადამიანი დადგება და ვერც ღმერთამდე ვიპოვით გზას. ბოლოს, რასკოლნიკოვმა თავის თავში იპოვა სინდისი და სონიაში ბედნიერება, აქ ალბათ უნდა მეთქვა, რომ მეც ბედნიერი ვიყავი, მათი ბედნიერების გამო, მაგრამ ჰეფი-ენდისა და ბოლოს არსებული ოპტიმიზმის მიუხედავად ჩემში ამდენი მძიმე და უბედური, დამთრგუნველი, პესიმისტური და თითქმის გამანადგურებელი ემოცია დიდი ხანია არც ერთ წიგნს არ გამოუწვევია.

One response to ““უდანაშაულო” დამნაშავის სასჯელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s