ვასილე ერნუს “დაბადებული საბჭოთა კავშირში”

b51b457c83b0

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი “ანოტაცია”. მეხუთე (ბოლო) დავალება.

საბჭოთა კავშირის თემას ლიტერატურაში ნელ-ნელა მივეპარე. სტალინის კულტის, კომუნისტური იდეოლოგიისა და საბჭოთა მენტალიტეტის მიმართ ინტერესი მაშინ გამიჩნდა, როდესაც ამ უკანასკნელის შესახებ ძალიან ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი მოვისმინე. ერთნი ამბობდნენ, რომ 27 მანეთად ნაყიდი ბილეთი ყველაფერს სჯობდა, მათ ეთანხმებოდნენ ისინი, ვისთვისაც მოგებული მეორე მსოფლიო ომი სიამაყის განცდის მომტანი იყო,  ამის საპირისპიროდ ჩნდებოდნენ ადამიანები, ვისაც არ აკმაყოფილებდა მინიმალური საცხოვრებელი პირობები და კაპიკად ღირებული შაქარი, ვინც მისტიროდნენ დახვრეტილ მწერლებს და ისინი, ვინც ზიზღით ახსენებდნენ სტალინის სახელს… ასეთ გაურკვეველ პირობებში, დავდექი აუცილებლობის წინაშე ამეღო ხელში ის წიგნები, რომლებიც რამდენიმე წლით უკან დამაბრუნებდა წითელ საქართველოში და საკუთარ დაკვირვებებზე დაყრდნობით გამომატანინებდა დასკვნებს. ასე მივადექი ჯერ მოთხრობას “ორნი აქა-იქ”  და “შემთხვევას”, მერე “ჩაკლულ სულს”, მერე “1984” და “ცხოველების ფერმას” და ბოლოს “დაბადებულს საბჭოთა კავშირში”.

რუმინელი მწერალი იმდენად ობიექტურია, საბჭოთა ისტორიების მოყოლისას, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სიყვარული და ნოსტალგია,  მოწიწება და პატივისცემა, ზიზღი და სიძულვილი , – აქედან ვერც ერთს ნახავთ ამ წითელ წიგნში. როგორც თავად ამბობს, ვასილე ერნუ, არ ცდილობს, რაიმეს გრძნობდეს საბჭოთა კავშირის მიმართ, არამედ მხოლოდ აკვირდება, სწავლობს და იხსენებს მას.

მე-20 საუკუნის ყველაზე მასშტაბურ უტოპიურ პროექტი თითოეული ადამიანის ცნობიერებაზე ნაკვალევს ტოვებს. ამ პროექტის მოწმე-მწერლისთვის სულის ღრმა ნაიარევია პიონერული გამოთქმები “ლენინი – მუდამ ცოცხალია, ლენინი ჩემში და შენში”, საზაფხულო ბანაკები, სკოლა, პოლიტაღზრდა, მაისობა და პროპაგანდა.

“დაბადებული საბჭოთა კავშირში” რადიკალურად განსხვავდება სხვა წიგნებისგან. აქ ყველაფერი რეალურია. რეალურია საბჭოთა გმირი – შტირლიცის ისტორიები, რეალურია წარმოდგენები ჯინსებზე, რეალურია ამბები საბჭოთა მეცნიერების შესახებ. ავტორი მკითხველებს ერთგვარ ხერხსაც კი სთავაზობს, რომელიც 70-იან წლებში დაბადებულების ამოცნობაში დაეხმარება. მაგალითად, თუკი თქვენ გაწითლებული რესპუბლიკებიდან ერთ-ერთში მოგიწიათ ცხოვრება, დარწმუნებული იქნებით, რომ 21 კაპიკიანი პლომბირი საუკეთესო ნაყინი იყო, დედათქვენს შენახული ექნება ჟურნალი “ბურდა”, ძალიან კარგად გესმით სიტყვა “დეფიციტის” მნიშვნელობა და ჯერაც გიჭირთ დაიჯეროთ, რომ შინ 38 ტელეარხი გაქვთ, რომლებიც 24 საათი მუშაობს.

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ე.წ “ჩაცმის გიჟების” თემა საბჭოთა კავშირში. სიმართლე, რომ გითხრათ ამგვარი ზედმეტსახელის მატარებელი ახალგაზრდების შესახებაც პირველად ვასილე ერნუსგან გავიგე. “ქვეყანაში, სადაც სტაბილურობა და ერთნაირობა სუფევდა, გამოარჩევდით ჭრელ ტანისსამოში გამოწყობილ, მყვირალა ჰალსტუხებით დამშვენებულ, გამაოგნებული აქსესუარებით შემკულ გოგო–ბიჭებს, რომლებიც კონტრაბანდულ მუსიკას უსმენდნენ და გამუდმებით ეწეოდნენ სიგარეტს.”  ესენი იყვნენ ჩაცმის გიჟები ანუ ისინი, ვინც ძირს უთხრიდნენ რევოლუციურ შემართებასა და ჰეროიზმს, აღიზიანებდნენ საბჭოთა მოქალაქეების მონოქრომულ მზერას. “ჩაცმის გიჟი” იყო არა თაობების კონფლიქტი, არამედ პიროვნების შინაგანი კონფლიქტი, გაქცეოდა ჩაკეტილ საზოგადოებასა და ჩარჩოებს, რომლებსაც მას საბჭოთა აზროვნება უწესებდა.

თოლია ჯონათან ლივინგსტონი ამბობს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ. მართალია, საბჭოთა იდეოლოგიამ ვერც თავისუფლებამდე მიგვიყვანა და ვერც პროგრესულად აზროვნებამდე, ვერც განსხვავებულ აზრებსა და ადამიანებს შეგვაჩვია და ვერც სექსის არსებობას, მაგრამ ნაკვალევი მაინც დატოვა ჩვენს ცნობიერებაზე. ნაკვალევის შეფასება პოზიტიურად თუ ნეგატიურად თქვენთვის მომინდვია, მე კი მინდა გითხრათ, რომ ამ წიგნის წაკითხვისა და დასკვნების გამოტანის შემდეგ სტალინის სახელის ზიზღით წარმომთქმელების სიაში ჩავეწერე, როგორც “ჩაცმის გიჟი”🙂

One response to “ვასილე ერნუს “დაბადებული საბჭოთა კავშირში”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s