ზაფხულის ღამის სიზმრები

ფიქრით დასვრილი გონება და ქაოსით სავსე სამყარო, დამძიმებული აზრები და ცალად დარჩენილი სიტყვები, რომლებიც თავისით მოდიან და მიდიან. ასე გაიარა უკანასკნელმა რამდენიმე დღემ, კვირამ თუ თვემ. შთაგონების გარეშე დარჩა ყველაფერი და აბიტურიენტობის გამო მეც შემომეძარცვა ესოდენ ძვირფასი სამკაულები: მშვიდი საღამოები, სილაღე და დასვენება, ტკბილი სიზმრები. აქამდე მეგონა, რომ დრო ყოველთვის ერთნაირი იყო. ახლა კი მივხვდი, რომ დროც, ისევე როგორც ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული. გამოცდის წინ წუთები საუკუნეებივით ნელა გადის, გამოცდის პროცესსში კი საათებიც კარგავენ მნიშვნელობას.

და აი ასე, სტრესის ქვეშ გაიარა ივლისის დღეებმა, როდესაც დაძაბულობა პიკს აღწევდა და დავიწყებას მიცემოდნენ სიყვარული, ყავის გემრიელად დალევის პროცესი, სასიამოვნო წიგნების კითხვა, მეგობრებთან გატარებული დღეები და ა.შ

ახლა, როდესაც მთელი წლის ნაშრომი და ნაწვალები სავარჯიშოები ნაგავში ყდია და მაგიდაზეც აღარ დევს “ვეფხისტყაოსანი” და “დავითიანი”, როდესაც ჩემ გვარზე ხშირად აღარ მესმის მაჭარაშვილი და თოფურია, ვხვდები, თუ რა ბედნიერი ვარ. ვხვდები, რომ ზაფხული ჩემთვის ახლა დადგა და დროა, ისევ დავიწყო ფიქრი ყოფის აუტანელ სიმსუბუქეზე.

როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!

ვხვდები, რომ ხანდახან არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ფეხების მაგიდაზე შემოლაგება, საზამთროს ჭამა, მონატრებული უსაქმურობით ტკბობა და Games of thrones-ის ყურება. უდიდესი ნეტარებაა, კითხულობდე იმას, რაც მართლა გინდა წაიკითხო და არა იმას, რაც “პროგრამაში შედის”. უდიდესი ნეტარებაა აღარ გეთქმოდეს “გადატვირთული”, არამედ იყო უბრალოდ თავისუფალი, ახალი ეტაპის, ახალი ადამიანებისა და ახალი ცხოვრების მოლოდინში.

მართალია ამ პოსტში სულაც არ ვაპირებდი წუწუნს, რადგან ამ უკანასკნელით ვარ დაკავებული მთელი წელი, მაგრამ სხვანაირად როგორ უნდა გავიმართლო თავი მკითხველების წინაშე?! ვიცი, რომ გაცილებით საინტერესოა წიგნებზე და ფსიქოლოგიაზე პოსტების კითხვა, მაგრამ შეუძლებელია ამ ყველაფერს წერდე მაშინ, როდესაც ადამიანსა და არაადამიანს შორის გამოკიდებული აბიტურიენტი ხარ!

რას ველოდები აწ უკვე ყოფილი აბიტურიენტი და მომავალი სტუდენტი, ამ ეტაპზე ჩიტივით თავისუფალი და დაღლილობისგან გათავისუფლებული “მე”?

ველოდები, როდის მოვა ორშაბათი, რომ ბიბლიოთეკიდან გამოვიტანო კარგი წიგნები ზაფხულის საინტერესოდ”გადასაგორებლად”.

ველოდები, როდის მოვა აგვისტო, რომ შედეგები გავიგო, რომლებითაც იმედია კმაყოფილი ვიქნები🙂

ველოდები, როდის მოვა სექტემბერი, რომ ახალი ცხოვრება დავიწყო.

იქამდე კი ველოდები, თუ როდის მოვა ნანატრი ზაფხულის ღამეები, რომლებსაც ზღვაზე და მთაში მეგობრებთან ერთად გავატარებ.

მოკლედ, მიხარია, რომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. დასასრული ყოველთვის ნიშნავს რაღაცის დასაწყისს და მეც იმედი მაქვს, რომ ახალი ეტაპი იქნება ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო. რაც მთავარია, გპირდებით, რომ ბლოგს მივხედავ და ჩემს აბიტურიენტობის დროინდელ შეცდომებს გამოვასწორებ!🙂

2 responses to “ზაფხულის ღამის სიზმრები

  1. ხშირად დადე ხოლმე პოსტები.. ძალიან შემიყვარდა შენი ბლოგი <33

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s