უბედურების პორტრეტი

ზოგისთვის ინპირაცია მზის ჩასვლაა, ზოგისთვის კი ამოსვლა. ჩემთვის ინსპირაცია სიყვარულია, როცა შემოქმედება აუცილებლობად იქცევა და სიტყვები თავისით იწერებიან, სითბო კი თავისით გამოიყოფა. თუმცა, უბედურება არანაკლებ მიჩენს სურვილს, რომ დავწერო, ის რაც ძალიან მაწუხებს.

სიღატაკეს თვალებში ჩავხედე და მივხვდი, რომ სიღარიბიდან ბოროტებამდე ერთი ნაბიჯია. უბრალო ცხოვრებისეული მაგალითი და ცრემლები მაწვება, ოფლი მასხავს, შუბლი სადაცაა გასკდება. ერთადერთი გამოსავალი ამ დროს არის  გ ა მ ო ხ ა ტ ო.

ჩემ სახლში, ერთი ოთახის გვერდით ცხოვრობს ბიჭი, დაახლოებით ცამეტი, თოთხმეტი წლის. მორცხვი ან დაკომპლექსებული, თვალებში არ გიყურებს და როდესაც ლიმონათს სთავაზობ უარს ისე ამბობს თითქოს თავის თავს ელაპარაკება. ის მუშის შვილია . ბიჭი კი მთელი დღე ეხმარება მამამისს და ტომრებს კრავს, ხსნის, კრავს, ხსნის, კრავს, ხსნის. ეს არის მისი ცხოვრება…მთელი ფიზიკური ძალების დახარჯვა, იმისთვის რომ იცოცხლო და მოიპოვო საკვები.

ძალიან ბევრი კითხვები მიჩნდება ღმერთთან. ისეთი კითხვები, რომლებიც არ უნდა გაგიჩნდეს ან რომც გაგიჩნდეს მაინც ვერავინ გიპასუხებს. რა დააშავა ამ ბიჭმა, რომ საჭმელი არ აქვს? ან რა დააშავა მან რომ სხვებისნაირად კომპიუტერს ვერ თამაშობს? რითი დაიმსახურა ცამეტი წლის ბიჭმა ვედროების ტარება და სხვა მისმა თანატოლებმა ზღვაზე წოლა?

ცხოვრება ხანდახან ძალიან უსამართლოა. მინდოდა მეთქვა ხანდახან არის სამართლიანი, იმიტომ რომ ეს ბოლო დრო ყველაფერში უსამართლობას ვხედავ. იქნებ უკეთესია ჩემთვის, მჯეროდეს რომ ბავშები რომლებიც კვედებიან, მართლა იმიტომ კვდებიან რომ ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიყავს? მაგრამ, რა ვქნა, რომ ვერ ვხედავ ამ ყველაფერში კანონზომიერებას, რომელიც ყველას იმითი აჯილდოვებს, რასაც იმსახურებს?

გავორდი, გავსამდი, გავოთხდი და ყველა ის ადამიანი ვარ, ვისაც სხვა გზა არ აქვს და საჭმლისთვის იბრძვის. თითქოს ყველაფერი ჩემ თავს ხდება და მე ვარ ბიჭიც, რომლის გარშემოც ამდენი საინტერესო რამ ხდება. სამყარო მილიონ ფანჯარას ხსნის, სადაც შეუძლია დახატოს, იმღეროს, ილაპარაკოს, მოარჩინოს, გამოიანგარიშოს… ის კი ამ ყველაფერს მოწყვეტილია. რატომ? ადამიანები რას არ მიაწერენ ხოლმე მათ უბედურებას. დაისაჯა, დაწყევლილი იყო, სამაგიერო მიუზღვა ღმერთმა წინაპრის დანაშაულისთვის… იქნებ უბრალოდ არ გაუმართლა.

საზოგადოება კი დუმს. ზოგჯერ მისი კეთილსინდისიერი წევრები მათთვის ერთი ლარით მეტს გაიმეტებენ და ამისი საკუთარ თავსაც ასიამოვნებენ. ან ნაყინს აჩუქებენ და ღმერთისა და სინდისის წინაშე ვალს მოიხდიან. სინამდვილეში კი რა არის მათი ვალი? მორალურად დაამშვიდოს ის ვინც, ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის? თუ თავის შვილს წაართვას და სხვას მიცეს? ამას ხომ თითქმის არავინ გააკეთებს. ამასობაში, კი სანამ ჩვენ ვმსჯელობთ, ბიჭი იზრდება და ბოროტდება. ბოროტდება სამყაროზე, საზოგადოებაზე, ღმერთზეც კი.

11 responses to “უბედურების პორტრეტი

  1. ალბათ ადამიანის სიძლიერეც ისაა, გაუძლოს გაჭირვებას და არ გაბოროტდეს. რომ იცოდე ისინი, ვისაც გასაჭირი უნახავს, გაცილებით ადამიანურები და მგრძნობიარეები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც ყველაფერი ხელის გულზე აქვთ გამზადებული და ფუფუნება არ მოჰკლებიათ. გაჭირვებაზე მეტად სიყვარულის და სითბოს ნაკლებობა აბოროტებს ადამიანს. ვიღაც უნდა იყოს, ვინც მუდმივად აგავსებს ამით და მაშინ ყველანაირ გასაჭირს გაუძლებ

    Like

  2. Some people are so poor, all they have is money ეს ფრაზა გამახსენდა შენს კომენტარზე. გაუძლებ იმიტომ, რომ სიკვდილი არ გინდა, იბრძოლებ იმიტომ, რომ შვილს აჭამო. მაგრამ ზოგი საერთოდ არ არი ამ “გასაძლებ” სიტუაციაში, და ეს არ მესმის. რატომ ის და არა სხვა?

    Like

  3. ხო, მესმის შენი.. შენ ვერ ხედავ ამ ყველაფერში კანონზომიერებას.
    მაგრამ რეალურად ყველაფერი კანონზომიერია. ყველას ხომ ფუილ ვერ ექნება, ყველა ხომ ბედნიერი ვერ იქნება..
    ესაა ჩვენი სამყარო, ასეა მოწყობილი… და ალბათ კი არა, ნამდვილად ვერ შევცვლით იმას, რომ დედამიწაზე უბედურებიც იარსებებენ და ბედნიერებიც ))
    კარგი პოსტია უდავოთ, წარმატებები ^_^

    Like

  4. გამოდის რომ, ის ადამიანები ვისაც არაფერი დაუშავებია ან ვერ მოასწრო მცირე ასაკის გამო, უკვე უბედურებოს მსხვერპლნი არიან, ვინ იცის რატომ.

    Like

  5. გეთანხმები, სამყარო საკმაოდ უსამართლოა… მაგრამ არ გეთანხმები რომ სიღარიბისაგან ადამიანი ბოროტდება. არც სიმდიდრისაგან კეთილშობილდება ვინმე. ადამიანი ბოროტდება მაშინ, როდესაც მის ღირსებას ბღალავენ და არ უტოვებენ შანსს ღირსება დაიცვას. თუ საზოგადოებას შეუძლია დააფასოს ღარიბ-ღატაკის არსებობისათვის ბრძოლის და თავდადების უნარი, თუ მოზღვავებული სირთულეების გამძლეობისათვის მას ისეთივე პატივს მიაგებს, როგორც ფუფუნებაში მცხოვრებს მიაგებს პატივს, და საზოგადოება იქნება სამართლიანი, არავინ გაბოროტდება.

    Like

    • როგორც შენ აღწერე ეგრე რომ იყოს,არც გაბოროტდებოდნენ. მაგრამ ბოროტდებიან იმიტომ, რომ საზოგადოება გულგრილია, ვერ ვაფასებთ მათ ღირსებებს და გვავიწყდება, რომ ჩვენივე საზოგადოების წევრები არიან.

      Like

  6. მარიტა მარადიული ამ ქვეყნად არაფერია, მათ შორის არც სიმდიდრე და არც სიღარიბე, ცხოვრება ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე და არ იცი საიდან რას უნდა მოელოდე, მე უბრალოდ მიმაჩნია რომ ასეთ შემთხვევაში ბოროტდებიან მხოლოდ ისინი ვისაც უფლის და მომავლის რწმენა და იმედი არ გააჩნიათ. პირველ რიგში მთავარია რაღაცის გწამდეს და გჯეროდეს, გაგაჩნდეს მიზანი და მიმართულება, შემდეგ ცოტაც უნდა მოინდომო და ყველაფერს მიაღწევს ადამიანი ცხოვრებაში, თან შეუძლებელი არაფერია. ღმერთი არასდროს ტოვებს მარტოს მას ვისაც მართლა გულით წამს. მე ამის მჯერა.
    პ.ს. შენი პოსტების კითხვისას ყოველ ჯერზე გაოცებული ვრჩები, მსოფლიო ბლოგო სივრცეშიც კი ჩემი ფავორიტი ხარ.

    Like

    • ძალიან დიდი მადლობა.
      გეთანხმები, რომ რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ადამიანმა ესეთი რთული პერიოდი გაიარა და არ გაბოროტდა, მაშინ მართლა იმსახურებს მიზნების მიღწევას.

      Like

  7. ღმერთთან მიჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხი არავის აქვსო ასე თქვი.. პირველ რიგში მასეთ კითხვები, რომლებიც როგორც შენ ამბობ არ უნდა უჩნდებოდეს მორწმუნე ადამიანს როგორც წესი უცოდინრობის ბრალია, ვგულისხმობ ქრისტიანულ მცნებებს, საღვთო წერილების უცოდინრობას, სწორად გამიგე.. მეორეც ერთი რომც დაგებადოს ისეთი კითხვა, რომ პასუხი ვერც სახარებაში და საერთოდ ვერსად იპოვო უნდა გაიაზრო რომ ღვთიური ყველაფერი ამოუცნობი და საიდუმლოა, ადამიანის გონებას არ ძალუძს ყველაფერს ჩაწვდეს.. ის ცდილობს განაზოგადოს და თავისებურად გამოიტანოს დასკვნები და აქედან გამომდინარე ჩნდება ათასი კითხვა და ათასი პასუხი,, სულელური.

    რაც შეეხება ბიჭს. ყველაზე მეტად ღმერთს ისინი უყვარს ვინც ამ ცხოვრებაში გაჭირვებაშია და არა ისინი ვინც უზრუნველყოფილია. ღმერთი არასდროს, არასდროს მოუვლენს ადამიანს ისეთ განსაცდელს, რომელსაც იგი ვერ გადალახავს. ცხოვრება გამოცდაა და ღმერთმა მაგ ბიჭს ასეთი განსაცდელი შეახვედრა. მასში ამ დროის განმავლობაში ერთდროულად იბრძოლებს კეთილი და ბოროტი.. თავისუფალი ნების და რწმენის წყალობით კი ბიჭი აირჩევს საკუთარ გზას საბოლოოდ და გჯეროდეს რომ ასეთი განსაცდელის დროს (რომელსაც რჩეულებს უვლენს უფალი და რომელზეც ოცნებობდნენ ოდითგან ბერ–მონაზვნები) ღმერთი მას არასდროს არ ტოვებს და ეხმარება, სადამდეც შეუძლია.. ისე რომ თავისუფალ ნებას არ უკარგავს.

    მართლა იშვიათადაა ცხოვრება სამართლიანი, მაგრამ იმიტომ ვცხოვრობთ რომ იქ დავიმკვიდროთ სასუფეველი. ცხოვრება გაძლებაა. და როცა გწამს და იცი, ადვილად აღარ გიჩნდება მასეთი კითხვები და ადვილად არ პასუხობ მას შენებურად )))

    Like

  8. მესმის შენი… მაგრამ თან არ მესმის…. ვფიქრობ ყველაფერი უფლის ნებითაა.. ამის ბევრი მიზეზია, თუნდაც ის, რომ შენნაირებს, ჩემნაირებს გული აგვიჩუყოს, მკაცრი რეალობა, მათი ტკივილი და გასჭირი დაგვანახოს, გვატკინოს და დახმარებისკენ გვიბიძგოს… ყველას შეუძლია, ვფიქრობ მართლა ყოველ ჩვენგანს შეუძლია მატერიალურად თუ არა სხვანაირად სულიერად დაეხმროს… სიყვაული, სითბო და ყურადღება აჩუქოს მათ…. ისინი ღვთის შვილები არიან და ამ განსაცდელთა დათმენისთვის უფლისგან დიდ ჯილდოს მიიღებენ… უფალი არავის წირავს…. უბრალოდ ზოგს მძიმე ჯვარი აქვს, ძალიან მძიმე და ზოგჯერ მთელი ცხოვრება მისი სიმძიმე მუხლებს უკეცავს, აჩოქებს😦 ზოგჯერ მომაკვდინებელ ცოდვაში აგდებს, მაგრამ ბოლო უფალმა უწყის…..

    Like

  9. არა მგონია ბოროტდებოდეს… მე მგონი შრომა უფრო აკეთილშობილებს ვიდრე აბოროტებს.. თუმცა იმაში გეთანხმები რომ საზოგადოება ხშირად ივიწყებს ასეთ პრობლემას (ინფანტილურია).. საერთოდაც მე მგონი საზოგადოება სირაქლემას პოზიციაში კარგად გრძნობს ხოლმე თავს…. კიდე მე მგონი ღმერთს გაჯცილებით მეტად სჯერა ასეთი ადამიანების კეთილშობილების ვიდრე ჩვენ ადამიანებს….

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s