დიახ, სადა და მარტივი წიგნები!

ინტერვიუ ერნესტ ჰემინგუეისთან

“ჩვიდმეტი თვე ვიმუშავე, კარგი უნდა გამოვიდეს. თუ არადა, წერაზე ხელი უნდა ავიღო, რადგან ბოლო ნაწარმოებმა -“ქონა თუ არქონა” – ვერ ივარგა. ჩვიდმეტი თვის განმავლობაში ფულისთვის ერთი მოთხრობა ან წერილიც არ დამიწერია. გროშიც არ ამიღია ჰონორარი. დავიღალე. ყოველ დილით რვის ნახევარზე ვიწყებ მუშაობას და დაახლოებით სამის ნახევრამდე ვწერ. რომანზე მუშაობისას, პირველ ყოვლისა, უკვე დაწერილს გადავხედავ ხოლმე, მერე სიტყვებს ვალაგებ – აგურებივით. აუჩქარებლად ვწერ. ერთხანს ვცადე, სწრაფად მეწერა და მერე ნაწერი დამემუშავებინა. არ გაამართლა. როცა ჩქარობ, საბოლოოდ წიგნი არ გამოვა, ან არა და – შეიძლება სწორედ სიჩქარებ გააფუჭოს.”

– დღეში რამდენს წერთ?

– არ ვიცი. ხან ბევრს, ხან ცოტას. გეგმის მიხედვით არასოდეს ვწერ, როცა ვიწყებ, წინ სუფთა ფურცელი მიდევს და ის გადამაქვს, რაც იმ წუთში ვიცი. ხშირად ვბორძიკობ… “ქონა და არქონა” იმიტომ არ ვარგა, რომ ნოველებისგან შედგება. ჯერ ერთი ნოველა დავწერე, მერე – ესპანეთში – მეორე. მერე დავბრუნდი, ჰარი მორგანი შემხვდა და მესამე ნოველის დაწერა მომინდა. საბოლოოდ რომანი გამოვიდა, მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთისგან განსხვავებული ნოველები იყო. ამის მერე არ ვიცი რას ვიზამ, ამბობენ ორმოცს რომ გადააბიჯებ, იმდენი რამ კი უნდა გქონდეს ნანახი, რომ კარგი რამეები დაწეროო. ალბათ ასეა.

– თქვენზე ამბობენ, მწერალი კი არა, ჟურნალისტიაო. 

– რა მოგახსენოთ. გაზეთებისთვის ხშირად მიწერია, მაგრამ თავი მწერლად მიმაჩნია. ამას საბოლოოდ დრო გაარკვევს – ჟურნალისტიკა ერთი დღის საქმეა, მწერლობა უფრო გრძელი პერიოდისთვისაა განკუთვნილი. თუ ჩემს ნაწერებს ორმოცი, ორმოცდაათი წლის შემდეგაც წაიკითხავენ, ესე იგი, მწერალი ვყოფილვარ (იცინის). ერთი კია – მაინცდამაინც ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ მითქმა-მოთქმას. ეს უფრო სალონებში თავმოსაწონებლად, საკუთარი ვითომ-ინტელექტუალობის ხაზგასასმელად ნათქვამი ფრაზებია ხოლმე. კიდევ ერთი: როგორც წესი, ყოველთვის ყველაფერს იწუნებს და ცხვირს იბზუებს ის, ვისაც თვითონ არასდროს არაფერი გაუკეთებია.

– ერთი სიტყვით, თქვენთვის სულერთია, როგორ შეგაფასებენ?

-არა, სულერთი ნამდვილად არ არის, ოღონდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინ გაფასებს. არიან ადამიანები, ვის აზრსაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, არიან ადამიანები, ვისი აზრიც საერთოდ არ მაღელვებს.

 – მათ შორის ჰერტრუდ სტაინიც ხომ არ არის?

–  (იცინის) ეგ თქვენ თქვით, მე არ მითქვამს.

– მისტერ ჰემინგუეი, ხშირად მოგზაურობთ ევროპაში. ბევრ თქვენს ნაწარმოებში მოქმედება ევროპაში ხდება. რა არის თქვენთვის ევროპა?

–  მგონია, ამ კითხვის პასუხი ჩემი ნაწერებია. ევროპა არ არის ჩემი სახლი, მაგრამ ესაა ადგილი, სადაც ბედნიერი ვიყავი, სადაც ბევრი დღესასწაული მქონდა. ესაა ადგილი, რომელზეც ხშირად ვფიქრობ და მენატრება.

– ევროპელები ამერიკელებს ხშირად ცხვირს უბზუებენ. როგორ გგონიათ, რა არის ამის მიზეზი?

–  ალბათ, ამერიკელის ის სტერეოტიპი, რომელიც დამკვიდრდა ევროპაში – ბრიყვულად მომღიმარი, მოსულელო ტურისტი, რომელიც ყველაფერს ხალისით ათვალიერებს, გაუჩერებლად ლაქლაქებს და ფოტოაპარატს აჩხაკუნებს.

– თქვენ ხომ არ გიგრძვნიათ ოდესმე ასეთი დამოკიდებულება?

– არა არასოდეს. ამას გრძნობს ის, ვინც იმსახურებს.

– იქნებ ევროპელთა ქედმაღლობის მიზეზი ისიც იყოს, რომ მათ უფრო ძველი კულტურა და ტრადიციები აქვთ?

– ყველა ქვეყანას თავისი წილი სიმდიდრე აქვს. ტრადიციები არც ამერიკელებს აკლიათ. უბრალოდ, ეს უფრო ახალი ქვეყანაა. საერთოდ, მხოლოდ წარსულით სიამაყე სასაცილოა. მთავარია დღეს ვინა ხარ.

-თქვენ შემოქმედებაში ესპანეთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ასე რით მოგხიბლეს ესპანელებმა?

-საკუთარი ღირსების შეგრძნებით, შინაგანი კულტურით, რაც ყველაფერში მჟღავნდება – ქცევებში, მეტყველებაში, თავდაჭერაში, სისადავეში.

– სისადავე თქვენტვის, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნებაა.

– დიახ.

– თქვენი ნაწერები მართლაც სადაა…

– ყველაფერი გენიალური სადაა (იცინის).

– დღევანდელ ლიტერატურაში სისადავისგან დაშორების ტენდენცია მძლავრობს. თქვენ რა აზრის ბრძანდებით გასაგებად რთულ და ძნელად საკითხავ წიგნებზე?

– ექსპერიმენტი იმის ექპერიმენტია, რომ ხან გაამართლოს, ხან არა. ამ მძიმე ნაწერებს მე ლიტერატურად არ აღვქივამ. იყოს, რაც გნებავთ – ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ოღონდ არა ლიტერატურა. თუმცა ყოველგვარი ექსპერიმენტის დრო თავისთავად არ ჩაივლის. არ შეიძლება, ტვინის ჭყლეტამ დიდი ხნით დაიმკვიდროს ადგილი… დარჩება…

– სადა და მარტივი წიგნები?

– დიახ, სადა და მარტივი წიგნები!

(c) “შეხვედრები ნობელიანტებთან”.

8 responses to “დიახ, სადა და მარტივი წიგნები!

  1. კარგი იყო ძალიან : ))

    ,, საერთოდ, მხოლოდ წარსულით სიამაყე სასაცილოა. მთავარია დღეს ვინა ხარ”_ეს ქართველებმა განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ…

    ,,ყველაფერი გენიალური სადაა”

    Like

  2. ყველა ქვეყანას თავისი წილი სიმდიდრე აქვს. ტრადიციები არც ამერიკელებს აკლიათ. უბრალოდ, ეს უფრო ახალი ქვეყანაა. საერთოდ, მხოლოდ წარსულით სიამაყე სასაცილოა. მთავარია დღეს ვინა ხარ. shesanishnavia.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s