"სასირცხვილო" წიგნები (გესტ–პოსტი)

სანამ ხალხი გატაცებით ყიდულობს 50 წიგნის ტომეულს, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, დარჩენილი ნაწილი მათი არქონის გამო არასასიამოვნო მდგომარეობაში ვარდება. ნუთუ მართლა სირცხვილია არ გვქონდეს წაკითხული წიგნი, რომელიც “აღიარებულია” და მის ნაცვლად იმას კითხულობდე, რომლის წაკითხვაც არ არის სავალდებულო “სანამ ცოცხალი” ხარ?

მოკლედ ამ თემის ირგვლივ, ერთმა საინტერესო და ჭკვიანმა ადამიანმა ჩემ ბლოგს გესტ–პოსტი უსახსოვრა, სადაც მის შეხედულებას გაეცნობით “სასირცხვილო” წიგნების შესახებ.

ორჰან ფამუქი 2006 წელს ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე წარმოთქმულ სიტყვაში, „მამაჩემის ჩემოდანი“ ამბობს: „მამას დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა, სადაც ათასობით წიგნი ინახებოდა. ზოგი სერიოზული, ზოგი გასართობი, იოლად საკითხავი, ზოგი კლასიკა, ზოგიერთი კი ისეთი, მსოფლიო რომ ვერასოდეს იტყვის უარს.“

ჩვენთან ბოლო კატეგორიის წიგნებს „სასირცხვილოს“ ეძახიან, აი, სახელწოდების გაგონების მერე რომ გეუბნებიან, „უი, არ წაგიკითხავს? სირცხვილია გოგო“ ცხვირს იბზუებენ და შენს ინტელექტუალურ დონეს იქვე განგისაზღვრავენ.

ჩვენთან ადამიანებს რამდენიმე ზედაპირული კითხვით აფასებენ, მაგალითად ასეთით „ბოლოს რა წიგნი წაიკითხე?“ პასუხად თუ ზაზა ბურჭულაძის „adibas” -ს მიიღებენ, ირონიული გამოხედვა არ დააყოვნებს. მერე რა, თუ მანამდე ბევრი რამ წაგიკითხავს როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურიდან. ამ კითხვის არსი საერთოდ არ მესმის, რა მნიშვნელობა აქვს, ბოლო რა იყო.
მე თუ მკითხავთ, სასირცხვილო საერთოდ არაფერია. მკითხველი ავტორიტეტების გავლენას ისედაც განიცდის, როდესაც ნაწარმოები მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული ხდება, შენც გიჩნდება ინტერესი მის მიმართ და ცდილობ გაიგო, რა არის მასში ისეთი, რამაც ათასობით ადამიანი აღაფრთოვანა.

როცა ლიტერატურული გემოვნება ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, გიჭირს აღიარებულ მწერალზე თქვა, რომ არ მოგეწონა, ვერ გაიგე. სოციალური გავლენები დიდ როლს თამაშობს და გეშინია, ვინმეს თვალში უვიცი არ გამოჩნდე.

არადა სანამ გაერკვევი რა მიმართულება, რა ჟანრი, რა სტილი მოგწონს, მანამდე ყველანაირი შემოგეკითხება. მაია ჭელიძის მერე ცვაიგს რომ წაიკითხავ შემდეგ მიხვდები, რომელი გირჩევია.

ვამბობ ხოლმე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს როდის, რა გარემოში, როგორი განწყობით იწყებ წიგნის კითხვას. მერე რა, რომ კორტასარის „კლასობანა“ ძალიან არ მომეწონა. მხოლოდ სიუჟეტისთვის თვალის მიდევნებას, სულ არ წავიკითხო ის სჯობს. ერთხელაც ჩავუვლი გვერდზე და მივხვდები, რომ აი, ახლა მინდა მისი წაკითხვა. ხოდა მივატოვე.

რადგან წიგნის აღქმა და განცდა ინდივიდუალურია, სხვებისთვის სულელეურ წიგნშიც კი შესაძლებელია ისეთი ჩემეული ვიპოვო, ისე ჩამითრიოს და იმოქმედოს, თვითონაც გამიკვირდეს. მერე რა, თუ ამ ჩემს განცდებს სხვა ვერ გაიგებს, ირონიულად შემომხედავს და უწიგნურს მიწოდებს. წიგნის ჩემია, ჩემი ემოცია და განცდებია და სულ არ მაინტერესებს სხვები რას იტყვიან. როცა მომეხალისება ბულვარულ რომანს წავიკითხავ, ტვინის გაჭყლეტისთვის ჩახლართულ დეტექტივს ჩავუჯდები, სააზროვნოდ იმ წიგნებს ვიპოვი, პიროვნების შეცნობაში რომ მეხმარება, სამუშაო საათების მერე კი ცხოვრებისეულს ჩავუღრმავდები.

როცა წიგნს ვიღებ, გვერდით სასუსნავს ვიდებ, ყურსასმენებს ვიკეთებ, მთლიანად იქ შევდივარ. ის ჩემი სამყაროა, სადაც გამზადებული რეცეპტები „ძალიან კარგია“, „სისულელეა“ არ არსებობს. ლიტერატურული გემოვნების დახვეწასთან ერთად ეს სამყარო სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.

შეგიძლიათ მიწოდოთ უვიცი, მე ბევრი წიგნი მაქვს წასაკითხი.

ინფორმაცია ავტორზე

e-mail: n_dzvelishvili@yahoo.com
BLOG: www.mkitxveli.wordpress.com

 

10 responses to “"სასირცხვილო" წიგნები (გესტ–პოსტი)

  1. პოსტი ისეა დაწერილი, ძალიან უნდა მოინდომო, რომ რამე დაამატო… ორივე ხელით გეთანხმები. ძალიან მაინტერესებს იმ “მკითხველის” ნახვა, ადიბასზე ცხვირს რომ იბზუებს და თავად სუპერ-50 პროექტშია ჩართული.

    ზოგადად, ჩემთვის, “სავალდებულო” წიგნები არ არსებობს. ვკითხულობ იმას, რაც მინდა, აზრს ჩემით ვიქმნი და მომწონს-არ მომწონს საკუთარი გემოვნებით ვწყვეტ. რაღაც არ მგონია, არასწორად ვიქცეოდე…

    Like

    • სავალდებულო არ არსებობს არაფერი, უბრალოდ მე ვფიქრობ რომ პატარა ასაკში გემოვნების ჩამოყალიბებაზე მშობლის და კარგი მკითხველის კონსულტაციები წაადგება ადამიანს იმისთვის რომ წიგნების უდიდეს სამყაროში სწორი კოორდინაცია ჰქონდეს. მერე უკვე გემოვნების საკითხია

      Like

  2. პაოლო კოელიოს 11 წუთია ეგეთი “სასირცხვილო”😀 მეცინება ეგეთ წიგნებზე რომ ცხვირს იბზუებენ.

    Like

  3. დღემდე არ მიყვარს, როდესაც ძალიან ტაკოი სახით მეუბნებიან, რომ “არ წაგიკითხავს? მდაა… ნე აჟიდალ(ა)”… როგორც წესი, აი, ეს “ა”, ანუ მანდილოსნები მარცხვენენ🙂 თუმცა იმ “უმრავლესობაში”, რომელსაც ბუმბერაზი მწერლები სასთუმალთან უდევთ და საყვარელი საზეპიროებიც მოუნიშნავთ თითქოს, ამავე წიგნის მხოლოდ პროლოგი და ეპილოგი თუ წაუკითხავთ სინამდვილეში. ასე რომ, მეც გეთანხმები, არაფერია ამაში სათაკილო. პირადად მე არასოდეს ვარცხვენ ამით სხვას, მხოლოდ ვურჩევ – აუცილებლად წაიკითხეთქო.

    Like

  4. მშვენიერი პოსტია.

    მეც ეგრე ვფიქრობ🙂

    Like

  5. წიგნებთან დაკავშირებით ძალიან “უსირცხვილო” ვარ🙂 მხოლოდ იმას ვყიდულობ და ვკითხულობ, რაც იმ ეტაპზე მაინტერესებს, მიუხედავად იმისა, თუ რა “იმიჯი” აქვს ამ წიგნს საზოგადოებაში.

    Like

  6. :):):) ნუ მაცინებთ, რა! რა კავშირში ვარ შტეფან ცვაიგთან , მეგობარო? ეს წიგნი აბსოლუტურად უპრეტენზიოდაა დაწერილი, ჟურნალმა \თბილისელებმა~ გამოაცხადა კონკურსი და დავწერე პატარა მოთხრობა _ ერთ–ერთი თავი წიგნიდან \კრიმინალური საუბრები~. რედაქციამ მკითხა, შემეძლო თუ არა, რომ გამეცოცხლებინა მთავარი პერსონაჟი, ანუ ამბის მთხრობელი და განმევრცო მოთხრობა. მე მჭირდებოდა დრო, რადგან რაც წიგნში წერია და ვინც არის ნახსენები, პოლიციელებიც და კრიმინალებიც, ყველა რეალური ადამიანია. ეს წიგნი მე არ დამიწერია, პერსონაჟების ბიოგრაფიული ნასხლეტებია და ვინც ნება დამრთო, მათი ვინაობა სახელით ან მეტსახელითაა დაფიქსირებული. ასე ვთქვათ, მთხრობელი, ამჟამად ევროპის ერთერთ სახელმწიფოშია თავშეფარებული, რითიც უეჭველ ციხეს გადაურჩა 60–ს მიტანებული კაცი. აბა, ახლა მითხარით, რატომ მადარებთ დამამცირებელ კონტექსტში შტეფან ცვაიგს? როდესმე ძალით შემოგტენეთ თავი ვინმეს, ან რაიმე სახის პრეტენზია გამოვთქვი? რაც შეეხება \სასირცხვილო წიგნებს~ სამარცხვინო ისაა, როცა ზედაპირულად რაიმეზე მსჯელობ, ისე, რომ ერთი _ წარმოდგენა არ გაქვს, უბრალოდ, მარაქაში ერევი და მეორე _ ვისზეც იერიში მიგაქვს, სენს წინასე არ არის წარმოდგენილი არანაირი ფორმით.
    მაია ჭელიძე kunamaia@mail.ru

    Like

    • შეგიძლიათ მითხრათ სად შეგადარეთ შტეფან ცვაიგს, თანაც დამამცირებელ კონტექსტში? საერთოდ ვერ ვხვდები რა კავშირშა თქვენი კომენტარი ამ პოსტთან.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s